სინქრონული თარგმნის აპარატურა საშუალებას იძლევა თარგმანი შესრულდეს გამომსვლელის მოხსენების პარალელურად, რამდენიმე წამის დაყოვნებით. მომხსენებელს არ სჭირდება პაუზების გაკეთება იმისათვის, რომ თარჯიმანმა თარგმნოს მისი გამოსვლა ფრაგმენტებად. თარჯიმან-სინქრონისტი მუშაობს ჯიხურში, სადაც ხმის იზოლაცია დაცულია ყურსასმენით. შესაბამისად, თარჯიმნის ხმა არ ფარავს ორატორის ხმას და ხელს არ უშლის აუდიტორიას მოსმენაში. აუდიტორია თარგმანს უსმენს სპეციალური მიმღების საშუალებით, რომელზეც მიერთებულია ყურსასმენი. სინქრონული თარგმნა აუცილებელია, თუ ღონისძიების სამუშაო ენა ორზე მეტია. გარდა ამისა, სინქრონული თარგმნა ღონისძიების მაღალი სტატუსის მაჩვენებელია.

აპარატურა

სინქრონული თარგმნის სისტემა, ზოგადად, ეფუძნება ენების არხებად დაყოფას. კერძოდ, იძლევა შესაძლებლობას, რომ ღონისძიების სხვადასხვა მონაწილემ ესა თუ ის გამოსვლა თუ განხილვა მოისმინოს სხვადასხვა ენაზე ერთსა და იმავე დროს. სინქრონული თარგმნის მიმღები აღჭურვილია არხების სელექტორით; მონაწილე ირჩევს მისთვის მისაღებ ენას და ისმენს ყველა გამოსვლას ერთ არხზე.

სისტემის შემადგენლობა:

  • ძირითადი მართვის პულტი
  • თარჯიმნის პულტი მიკროფონით და ყურსასმენებით
  • თარჯიმნის ჯიხური
  • ინფრაწითელი გარდამქმნელი (რადიატორი)
  • სინქრონული თარგმნის მიმღებები ყურსასმენებით კომპლექტში

აპარატურის შეკვეთა

შემკვეთმა, რომლის წინაშეც დგას ამოცანა, აირჩიოს მომწოდებელი, სინქრონული თარგმნის აპარატურის პროვაიდერი ან მიიღოს კომპლექსური გადაწყვეტილება სინქრონულ თარგმნასთან დაკავშირებით, საჭიროა, იცოდეს:

  • სინქრონული თარგმნის აპარატურა აუცილებლად უნდა იყოს პროფესიონალური.
  • სინქრონული თარგმნის აპარატურა ყოველთვის მუშაობს გახმოვანების აპარატურასთან ერთად. სისტემაში სიგნალი შედის მიქშერის საშუალებით. ამიტომაც გახმოვანებისა და სინქრონის შეკვეთა აუცილებელია ერთსა და იმავე მომწოდებელთან.
  • თარჯიმან-სინქრონისტი აირჩიეთ რეკომენდაციით, ისე როგორც ირჩევენ ექიმს ან ადვოკატს. მაღალკვალიფიციური სპეციალისტები რეკლამას არ საჭიროებენ!
  • სინქრონის აპარატურის შეკვეთისას, უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ სინქრონისტთან, თუ უკვე არჩეული გყავთ ის; გაითვალისწინეთ მისი აზრი, ვინაიდან მას მოუწევს ამ აპარატურით მუშაობა.